გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

11.06.2018
"ავერსი-რაციონალი" "მხოლოდ ქართულის" გულშემატკივარია...

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

პერიდოქსი #30ტ

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: 
თიამინი; პირიდოქსინი; ციანოკობალამინი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ღია ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები; 
შემადგენლობა
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდს – 100 მგ;
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს – 200 მგ;
ციანოკობალამინს – 0.2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოვიდონი, მეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;
აპკიანი გარსის შემადგენლობა: Opadry White 03F28342  (ჰიპრომელოზა 6 cP, ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი, მაკროგოლი 6000).

გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვიტამინი B1 ვიტამინ B6 და B12 კომბინაციაში.
ათქ-კოდი: A11DB.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პერიდოქსი წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების შემცველ კომბინირებულ პრეპარატს, რომლის თერაპიული ეფექტი მნიშვნელოვნად აღემატება ამ ჯგუფის ცალკეული ვიტამინის მოქმედებას. თიამინის (ვიტამინი B1), პირიდოქსინის (ვიტამინი B6) და ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) ურთიერთქმედება ასტიმულირებს მეტაბოლურ, რეგენერაციულ და სისხლის წარმოქმნის პროცესებს ორგანიზმში, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აძლიერებს სისხლის ნაკადს ქსოვილებში, ავლენს ნეიროტროფულ, ტკივილგამაყუჩებელ და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას ნერვული სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებების დროს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარვთა სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე.

ფარმაკოკინეტიკა: 

თიამინის ჰიდროქლორიდი პერორალურად მიღების შემდეგ შეიწოვება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. მისი მაღალი შემცველობა აღინიშნება მიოკარდიუმში, ჩონჩხის კუნთებში, ნერვულ ქსოვილსა და ღვიძლში. თიამინის მნიშვნელოვანი ნაწილი სწრაფად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ორგანიზმიდან გამოიყოფა ნაწლავების და თირკმელების საშუალებით. თ1/2 შეადგენს 4 საათს.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება უმეტესწილად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში, მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. 80%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს და გადანაწილდება უპირატესად კუნთებში, ღვიძლსა და ცნს-ში. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით მიღებიდან 2-5 საათის განმავლობაში. 
ციანოკობალამინი აბსორბირდება წვრილი ნაწლავიდან 2 გზის საშუალებით: უმეტესი ნაწილი - კასტლის შინაგან ფაქტორთან შეკავშირებით, ხოლო 1-3% - პასიური დიფუზიის მეშვეობით. დეპონირდება ღვიძლში. სისხლის შრატიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 5 დღეს, ღვიძლიდან – 1 წელს. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად ნაღველით და შარდით.

ჩვენება
პერიდოქსი ნაჩვენებია კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
- B1, B6 და B12 ვიტამინების უკმარისობა ან გაზრდილი მოთხოვნა მათ მოხმარებაზე;
- ნერვული სისტემის სხვადასხვა ეთიოლოგიის დაავადებები: ნევრიტი და პოლინევრიტი (მათ შორის სახის ნერვის და რეტრობულბარული ნევრიტი), ნევრალგია (მათ შორის სამწვერა და ნეკნთაშუა ნერვების), პერიფერიული პარეზი და დამბლა, პოლინეიროპათია და ენცეფალოპათია (მათ შორის დიაბეტური და ალკოჰოლური), შემომსალტველი ლიქენი, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით განპირობებული სისტემური ნევროლოგიური დაავადებები; 
- სხვადასხვა გენეზის ანემია;
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, ართრალგია, მიალგია;
- რეკონვალესცენციის პერიოდი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ; ანტიბიოტიკების, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია; ქრონიკული ალკოჰოლიზმი.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით პერიდოქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-3 ტაბლეტს დღეში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ვიტამინ B6-ის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა (6-12 თვეზე მეტი ხნით) გამოყენებამ შეიძლება ერთეულ შემთხვევებში გამოიწვიოს პერიფერიული სენსორული ნეიროპათია.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარი კანზე, ქავილი.
სხვა: ტაქიკარდია, ოფლიანობა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; 
აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო პერიდოქსი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
5-ფტორურაცილი ამცირებს თიამინის ეფექტურობას, წარმოადგენს რა მის ანტაგონისტს. მარყუჟოვანი შარდმდენები ზრდის ვიტამინი B1-ის გამოყოფას, და ამგვარად, ხანგრძლივი მკურნალობის პირობებში ამცირებს თიამინის დონეს ორგანიზმში. სულფიტების შემცველი ხსნარები ხელს უწყობს თიამინის დაშლას, ხოლო ანტაციდები, ალკოჰოლი და შავი ჩაი აქვეითებს მის შეწოვას.
ვიტამინი B6 ამცირებს Lლევოდოპას ანტიპარკინსონულ ეფექტს, აქვეითებს ფენობარბიტალის და ფენიტოინის კონცენტრაციას პლაზმაში. ორალური კონტრაცეპტივებით, იზონიაზიდით, პენიცილამინით, ციკლოსერინით და ჰიდრალაზინით ერთდროულად მკურნალობისას მცირდება ვიტამინი B6–ის კონცენტრაცია სისხლში.
ამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, კოლხიცინი და კალიუმის პრეპარატები ამცირებს ციანოკობალამინის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ვიტამინი B12 ინაქტივირდება მძიმე ლითონების მარილებთან ურთიერთქმედებისას. ფოლის მჟავას მიღების ფონზე გაძლიერებული ერითროპოეზი ზრდის ციანოკობალამინის მოთხოვნას ორგანიზმში.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პერიდოქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების რისკს.
პრეპარატის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:
ექიმის კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით. 
ციანოკობალამინს შეუძლია შენიღბოს ფოლის მჟავას დეფიციტის სიმპტომები. პერიდოქსის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: 
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი
საქართველო 0198, თბილისი, 
ჭირნახულის ქ. 14.
ww.aversi.ge

ზემოთ