შპს ავერსი - რაციონალი

დიკლოფეროლი 50 მგ №20 ტაბ.

დიკლოფეროლი 50 მგ №20 ტაბ.

დიკლოფეროლი

                                                     
ზოგადი დახასიათება:

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
დიკლოფენაკი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

მოწითალო-ყავისფერი, მრგვალი ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით, ცალ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა - K50.

შემადგენლობა:
   
1 ტაბლეტი შეიცავს:
კალიუმის დიკლოფენაკს – 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატი ორფუძიანი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, რკინის ოქსიდი წითელი, პოლიეთილენგლიკოლი 400, პოლიეთილენგლიკოლი 6000.                            

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები 50 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება. M01 AB05.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალიუმის დიკლოფენაკი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია არაქიდონის მჟავას ციკლის მთავარი ფერმენტის ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც ძირითად როლს თამაშობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებაში. პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, ჰიპოთალამუსში აქვეითებს თერმორეგულაციის ცენტრის მგრძნობელობას პიროგენების მოქმედების მიმართ, რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმის მიერ ინფექციური აგენტებისა და ტოქსინების საპასუხოდ. ამის შედეგად მატულობს კანის სისხლმომარაგება, ოფლის გამოყოფა და სითბოს გაცემა.
კალიუმის დიკლოფენაკი ამცირებს ძლიერ და ზომიერად გამოხატულ ტკივილს. ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში იგი სწრაფად ამცირებს ტკივილს (როგორც სპონტანურს, ასევე მოძრაობით გამოწვეულს), ანთების და ჭრილობების შედეგად განვითარებულ შეშუპებას, ეფექტურად ხსნის შაკიკის შეტევითა და პირველადი დისმენორეით გამოწვეულ ტკივილს.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 3 სთ-ის განმავლობაში.
განაწილება: კალიუმის დიკლოფენაკის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 99.7%.
მეტაბოლიზმი: პრეპარატის აქტიური ნივთიერების 50% ღვიძლში განიცდის პირველად მეტაბოლიზმს.
ელიმინაცია: ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 სთ-ს. მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების საშუალებით, 1%-ზე ნაკლები უცვლელი სახით ექსკრეტირდება შარდთან ერთად, ხოლო დანარჩენი – ღვიძლის მიერ მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:
მწვავე ან ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, პოდაგრა. ტკივილით მიმდინარე პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდი.
სტომატოლოგიაში პოსტოპერაციული ტკივილი. ტკივილით მიმდინარე გინეკოლოგიური დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 50 მგ-ს 3-ჯერ დღეში, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია საწყისი დოზის გაზრდა 100 მგ-მდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 200 მგ-ს.
რევმატოიდული ართრიტი: პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 150 - 200 მგ-ს დღეში, გაყოფილი 3-4 მიღებაზე. დადებითი ეფექტის შემთხვევაში შემდგომი დოზა მცირდება და შეადგენს 75 - 100 მგ-ს დღეში, გაყოფილი 3 მიღებაზე.
ოსტეოართრიტი: პრეპარატის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 - 150 მგ-ს დღეში, გაყოფილი 2-3 მიღებაზე. დადებითი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება მინიმალურ რეკომენდებულ დოზამდე.
მაანკილოზებელი სპონდილიტი: პრეპარატის საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 - 125 მგ-ს დღეში, გაყოფილი 4-5 მიღებაზე. დადებითი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება მინიმალურ რეკომენდებულ დოზამდე.
პირველადი დისმენორეა: სადღეღამისო დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ძირითადად მიიღება 50 - 100 მგ დღეში.
პრეპარატის მიღება მაქსიმალურ სადღეღამისო დოზაზე მეტი რაოდენობით არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, დისპეფსია, იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სტომატიტი, გლოსიტი.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნება, უძილობა, იშვიათად პარესთეზიები.
კანის მხრივ: იშვიათად გამონაყარი კანზე, ქავილი.
თირკმელების მხრივ: იშვიათად პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი.
ღვიძლის მხრივ: იშვიათად ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.
სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
სხვადასხვა: იშვიათია ასთმა, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტოიდურის ჩათვლით.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები; ერითროპოეზის პროცესის დარღვევა; გულის, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა; მძიმე არტერიული ჰიპერტენზია; პორფირია (ანამნეზში); ბრონქული ასთმის შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილმჟავისა ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით; 14 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დიკლოფეროლის დიგოქსინთან და ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება. 
დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიკურობის რისკი. დიკლოფეროლისა და კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებას.
მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის ტოქსიკურობა, მისი ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირების გამო.
სალიცილატებთან ერთად გამოყენებისას მათი ეფექტურობა მცირდება.
ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდა.

ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: მომატებული არტერიული წნევა, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, სუნთქვის დამბლა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
მკურნალობა: საჭიროა შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
 

ორსულობა და ლაქტაცია:
დიკლოფეროლის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება, ვინაიდან მატულობს გასტრო-ინტესტინალური გართულებების, მათ შორის  წყლულის ჩამოყალიბების რისკი.
დაუშვებელია ორი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ერთდროული მიღება.
სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

გააზიარე: