შპს ავერსი - რაციონალი

კაპტი 25 25 მგ №60 ტაბ

კაპტი 25 25 მგ №60 ტაბ

გამოყენების ინსტრუქცია

კაპტი 25

ზოგადი დახასიათება:

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: კაპტოპრილი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები, ცალ მხარეს ჯვარედინი ჭდით;
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
კაპტოპრილს – 25 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, სტეარინის მჟავა.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები, 25 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული საშუალება. ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი.
ათქ-კოდი: C09AA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კაპტოპრილი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორს, რომელიც ხელს უშლის ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგოტენზინ II-ად, რაც თავის მხრივ თრგუნავს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში ალდოსტერონის სეკრეციას.
კაპტოპრილი ხელს უშლის ანგიოტენზინ II-ის პროდუქციას, რომელსაც გააჩნია ძლიერი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება. ამის გამო ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის ცვლილების გარეშე ზრდის სისხლის მიმოქცევას თირკმლებში. ამცირებს წნევას მარჯვენა პარკუჭსა და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ხელს უშლის გულის უკმარისობის პროგრესირების პროცესს. არ იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ კაპტოპრილი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 75% გადადის სისხლში და მიღებიდან ერთ საათში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას. საკვები ამცირებს წამლის შეწოვას 30-40%-ით, ამის გამო პრეპარატი მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. დაახლოებით 25-30% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 სთ-ს. კაპტოპრილი მეტაბოლიზდება ღვიძლში. მიღებული დოზის 95%^ელიმინირდება ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით, აქედან 50% უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი - აქტიური მეტაბოლიტების სახით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, რის გამოც საჭიროა დოზის შემცირება.

ჩვენება:
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის ქრონიკული უკმარისობა;
- დიაბეტური ნეფროპათია;
- მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:
კაპტი 25 მიიღება ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
არტერიული ჰიპერტენზია: მსუბუქი/საშუალო სიმძიმის ჰიპერტონული დაავადების დროს კაპტოპრილით მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ-ს ორჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის თანდათანობითი გაზრდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს ორჯერ დღეში.
მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადების დროს კაპტოპრილით მკურნალობის საწყისი დოზა შეადგენს 12.5 მგ-ს ორჯერ დღეში, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 50 მგ-ს სამჯერ დღეში. სადღეღამისო მაქსიმალური დოზაა – 150 მგ. კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემადგენლობაში პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
გულის ქრონიკული უკმარისობა: კაპტოპრილის დანიშვნამდე საჭიროა დიურეტიკის მოხსნა ან დოზის შემცირება. მკურნალობა იწყება ექიმის მკაცრი კონტროლით. საწყისი დოზა შეადგენს 6.25 მგ-12.5 მგ 2-3-ჯერ დღეში, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის თანდათანობითი გაზრდა ყოველ 2 კვირაში ერთხელ, 25 მგ-მდე სამჯერ დღეში (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 150 მგ).
დიაბეტური ნეფროპათია: რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 75-100 მგ-ს, გაყოფილი 2-3 მიღებაზე.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი: კაპტოპრილით მკურნალობის დაწყება შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან მესამე დღეს, საწყისი დოზით 6.25 მგ 2-3-ჯერ დღეში. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება.
პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით: თირკმლის ფუნქციის ზომიერად დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი არა ნაკლებ 30 მლ/წთ/1.73 მ2) კაპტოპრილი ინიშნება დოზით 75-100 მგ/დღე-ღამეში. თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას (კკ >40 მლ/წთ/1.73 მ2 – 150 მგ;
21-40 მლ/წთ/1.73 მ2 – 100 მგ;
10-20 მლ/წთ/1.73 მ2 – 75 მგ;
კაპტოპრილის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არასაკმარისად არის შესწავლილი. Mმკურნალობა შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რეკომენდებული დოზაა სხეულის წონის 0.3 მგ/კგ. კაპტოპრილი ინიშნება 3-ჯერ დღეში. ინტერვალი მიღებებს შორის განისაზღვრება ინდივიდუალურად, პრეპარატზე რეაქციის მიხედვით.

ხანდაზმულ პაციენტებში კაპტოპრილით მკურნალობის საწყისი დოზაა 6.25 მგ 2-ჯერ დღეში, ვინაიდან მათ შეიძლება აღენიშნებოდეთ როგორც თირკმლის, ასევე სხვა ორგანოების მხრივ ფუნქციის დარღვევები. Dდოზირება განისაზღვრება არტერიული წნევის რეაქციით პრეპარატზე.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად. Mმკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დოზით 6.25 მგ 2-ჯერ დღეში და შეძლებისდაგვარად მისი შენარჩუნება.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, მშრალი ხველა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნებოდეს ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა ან შეკრულობა, გემოს შეგრძნების დარღვევა, პირის სიმშრალე, აფთოზური სტომატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, თავბრუ, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა;
მხედველობის სისტემის მხრივ: მხედველობის დაბინდვა;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მომატება;
კანის მხრივ: ქავილი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი;
ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსიური რეაქცია;
წყალ-ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, აციდოზი;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ანემია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილის და სხვა ანგიოტენზინგარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიმართ, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან პროგრესირებადი აზოტემიით მიმდინარე ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, ჰიპერკალემია, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, აორტის სტენოზი, კვინკეს შეშუპება, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:O
ერთდროული გამოყენებისას კაპტოპრილი აძლიერებს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას, განსაკუთრებით დიურეზულ საშუალებებთან და განგლიობლოკატორებთან კომბინაციაში. მინიმალური სინერგული ეფექტი ვლინდება ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში. ჰიპერკალემიის განვითარების საშიშროების გამო პრეპარატი არ ინიშნება კალიუმის შემნახველ შარდმდენებთან ერთად (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი).
კაპტოპრილი აძლიერებს პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების ეფექტს.
ნიტრატებთან კომბინაციაში საჭიროა მათი დოზის შემცირება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (ინდომეტაცინი, ასპირინი) ამცირებენ კაპტოპრილის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
ალოპურინოლთან და პროკაინამიდთან კომბინაციაში კაპტოპრილმა შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია და სტივენს–ჯონსონის სინდრომი. Pპრობენეციდი აქვეითებს კაპტოპრილის თირკმლის კლირენსს და ზრდის სისხლის შრატში მის დონეს.
ლითიუმის მარილებთან კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ლითიუმის კონცენტრაციის ზრდა, რომელსაც თან ახლავს ლითიუმით ინტოქსიკაციის სიმპტომები.
იმუნოდეპრესანტებთან კომბინაციაში იზრდება ჰემატოლოგიური დარღვევების განვითარების რისკი.
კაპტოპრილით მკურნალობის შედეგად ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციების დროს შეიძლება განვითარდეს არტერიული ჰიპოტენზია, რისი კორექციაც შესაძლებელია პლაზმის შემცვლელი პრეპარატების საშუალებით.
არ არის მიზანშეწონილი კაპტოპრილით მკურნალობის პროცესში ალკოჰოლური სასმელების მიღება.

ჭარბი დოზირება:
კაპტოპრილით დოზის გადაჭარბება ვლინდება ჰიპოტენზიით, შოკით, ბრადიკარდიით, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმლის უკმარისობით.
არტერიული წნევის ნორმალიზებისათვის საჭიროა ინტრავენურად პლაზმის შემცვლელი ხსნარების ინფუზია, შრატის ელექტროლიტებისა და კრეატინინის რეგულარული კონტროლი.
დოზის გადაჭარბების დროს პრეპარატი ადვილად გამოიდევნება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატით მკურნალობა აორტის სტენოზის დროს, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. სიფრთხილით ინიშნება თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზის დროს. კაპტოპრილი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება კოლაგენოზებით დაავადებულ პაციენტებში, ნეიტროპენიისა და აგრანულოციტოზის განვითარების რისკის გაზრდის გამო. ასევე, იმუნოდეპრესანტებით მკურნალობისას, განსაკუთრებით^თირკმლის პათოლოგიით მიმდინარე დაავადებების დროს.
კაპტოპრილის დიდი დოზებით მკურნალობისას საჭიროა შარდში ცილების კონტროლი, რადგან პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს აზოტისა და კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.


შეფუთვა:
20 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით
(გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge.

გააზიარე: