"ავერსი-რაციონალმა" ქართული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა
20 აპრილს "ავერსი-რაციონალში" საინტერესო, მხიარული და ორიგინალური საინფორმაციო ტური გაიმართა. საწარმოს 50-მდე კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. კომპანიების ხელმძღვანელებს და პიარისა და მარკეტინგის სფეროს სპეციალისტებს საწარმოს გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე შეხვდა და "ავერსი-რაციონალის" სტანდარტებზე, პრიორიტეტებზე, მიღწევებსა და გეგმებზე ესაუბრა. შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ლაბორატორია, გაეცნენ საწარმოო პროცესს და შესაძლებლობა მიეცათ, კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყვნენ "ავერსი-რაციონალის" პროდუქციის სანდოობაში.
"ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა, რომ ტურის მიზანი სტუმრებისთვის საწარმოს გაცნობა იყო:
- გვსურს, სტუმრები და, საზოგადოდ, მოსახლეობა დარწმუნებული იყვნენ ჩვენი პროდუქციის ხარისხიანობაში. გაცნობითი ხასიათის ტური სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, თავად შეაფასონ საწარმოში მიმდინარე პროცესები.
"ავერსი" ჯგუფი მთლიანად ქართულ კაპიტალზეა დაფუძნებული. ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებოდით. ამჟამად 134 დასახელების პროდუქციის 238 პოზიციას ვაწარმოებთ და აქტიურად განვიხილავთ წარმოების გაფართოების რამდენიმემილიონიან პროექტს.
"ავერსი-რაციონალის" წარმატებაზე მეტყველებს კომპანიაში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტები - ISO 9001 (Quality management systems- Requirements) და GMP EU (Good Manufacturing Practice European Union).
მივესალმებით ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელ ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის აღიარება, მისი დაცვა და ამ სტანდარტით წარმოების კონტროლი განხორციელდება. ეს მოსახლეობის თვალში ქართული პროდუქტის სანდოობას გაზრდის, ამასთან, ხელს შეუწყობს ექსპორტს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი საქართველოს თითოეული მოქალაქის ფინანსურ კეთილდღეობაზე აისახება.
საწარმოს დეტალური გაცნობის შემდეგ სტუმრებს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.
ნინა თალაკვაძე, კომპანია "ართთაიმის" მარკეტინგის მენეჯერი:
- "ავერსის" მიმართ დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი. ეს ბუნებრივიც არის - უკვე წლებია, არსებობს და მუდმივად განიცდის პროგრესს. ჩვენს ნდობას უდავოდ იმსახურებს, მაგრამ გაგონილს თვალით ნანახი სჯობია... დავათვალიერე საწარმო და დავრწმუნდი, რომ "ავერსი-რაციონალი" მართლაც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამიერიდან ჩემს ნდობას კიდევ უფრო მყარი საფუძველი ექნება.
ნიცა ჩოლოყაშვილი, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
- გასაოცარი შთაბეჭდილებებით ვტოვებ "ავერსი-რაციონალს". სიამაყე მეუფლება იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ასეთი თანამედროვე და წარმატებული საწარმო. ყოველთვის ვცდილობ, ქართულ ნაწარმს მივანიჭო უპირატესობა, რადგან მიმაჩნია, რომ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვალდებული ვარ, ჩემი არჩევანით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შევუწყო ხელი.
ლალი გალუმაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს პიარსამსახურის წარმომადგენელი:
- ჩემი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაერთი საწარმოს მუშაობას გავეცანი. შესაბამისად, შედარების შესაძლებლობა მაქვს. "ავერსი-რაციონალი" მართლაც თანამედროვე და სანდო, ხარისხზე ორიენტირებული საწარმოა. მინდა, ნანახით აღფრთოვანება ყველას გავუზიარო და დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ "ავერსი-რაციონალის" პროდუქცია ნამდვილად სანდო და მაღალეფექტურია. რაც მთავარია, ქართულია. წლებია, ვებრძვით სტერეოტიპს, რომ ქართული ნაწარმი უხარისხოა. "ავერსი-რაციონალი" ამ მოსაზრების საწინააღმდეგო ძლიერი არგუმენტია. ამასთან, ის სამაგალითოა თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულების, კადრებზე ზრუნვისა და მათთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნის თვალსაზრისითაც.
რუსუდან კბილაშვილი, "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი:
- მეამაყება, რომ საქართველოში არსებობს საწარმო, რომელიც არათუ მეზობელი ქვეყნების, არამედ ევროპულ საწარმოებსაც კი არ უდებს ტოლს. დღევანდელი ტურის წყალობით ბევრი ისეთი რამ შევიტყვე, რასაც სხვაგვარად ვერ გავიგებდი და აღვიქვამდი... მიყვარს "ავერსი", მისი ერთგული მომხმარებელი ვარ და ამიერიდან უფრო მეტი საფუძველი მაქვს, ვენდო.
კახა მაღრაძე, "ჯეპრას" უფროსი პარტნიორი:
- "ავერსი-რაციონალის" დონის საწარმოს არსებობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია. ის ამ მიმართულების ფლაგმანია. ხარისხის კონტროლის ის სტანდარტები, რომლებიც "ავერსი-რაციონალშია" დანერგილი, მისაბაძია არა მხოლოდ ფარმაცევტული ბიზნესისთვის, არამედ ნებისმიერი ადგილობრივი საწარმოსთვის.
ღონისძიების დასასრულს "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლალი ბრეგვაძეს წარმატებული დღის შეჯამება ვთხოვეთ:
- ტურს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება არ ჰქონია – ჩვენს სტუმრებს არაჩვეულებრივი გასართობი პროგრამაც მოვუმზადეთ. ღონისძიებას წამყვანი უძღვებოდა. საღამო მუსიკალურად GJ ჯგუფმა გააფორმა. სტუმრებისთვის გაიმართა აზოტის შოუ და ვიქტორინა და გამარჯვებულებთან ერთად ყველა სტუმარს სასაჩუქრე ნაკრები - "ავერსი-რაციონალის" პირველადი მოხმარების მედიკამენტები და იტალიური კოსმეტიკური ნაწარმი გადავეცით. რაც მთავარია, ჩვენი სტუმრები დარწმუნდნენ, რომ "ავერსი-რაციონალისთვის" ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობა მისი პრიორიტეტი და უპირატესობაა.
"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.