ქართული GMP სერტიფიკატის მიღებასთან დაკავშირებით „ავერსი-რაციონალში“ პრესკონფერენცია გაიმართა
2021 წლის 1 თებერვალს „ავერსი-რაციონალს“ პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატი მიენიჭა. ამ მოვლენის აღსანიშნავად 18 თებერვალს საწარმოში პრესკონფერენცია გაიმართა.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებლის, პაატა კურტანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ავერსი-რაციონალი“ საერთაშორისო სტანდარტის არაერთი სერტიფიკატის მფლობელია, ნაციონალურ GMP სერტიფიკატს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:
- 2005 წლიდან მოყოლებული, რაც პირველი მედიკამენტი გამოვუშვით, ქართული წარმოების წამლების მიმართ ნდობა წლიდან წლამდე იზრდება. ეს სერტიფიკატიც იმის დასტურია, რომ „ავერსი-რაციონალის“ წამლები ხარისხით მსოფლიოს არცერთი წამყვანი ფარმაცევტული საწარმოს პროდუქციას არ ჩამოუვარდება. მიუხედავად ამისა, ყველა ქვეყანაში ითხოვენ, პროდუქციის შეტანისას შენი ქვეყნის ეროვნული კომიტეტის მიერ გაცემული სერტიფიკატი წარადგინო. ჩვენი ნაწარმი ამჟამად ევროპისა და აზიის ექვს ქვეყანაში იყიდება. ნაციონალური სერტიფიკატი ახალი ბაზრების ათვისებას გაგვიადვილებს.
- „ავერსი-რაციონალი“ პირველი საწარმოა, რომელმაც ქართული GMP სერტიფიკატი მოიპოვა, - აღნიშნა მალხაზ კურტანიძემ, საწარმოს გენერალურმა დირექტორმა, - ინსპექტირება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან გახდება სავალდებულო. ჩვენ, როგორც ევროპული სტანდარტების საწარმომ, საკუთარი ინიციატივით მოვითხოვეთ მისი ჩატარება და წარმატებითაც გავიარეთ.
ნაციონალური სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ პროდუქტის სანდოობას სახელმწიფო იცავს. ეს სტანდარტი, ფაქტობრივად, არის მსოფლიოს ფარმაცევტულ საწარმოთა გამოცდილების ნაკრები, ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელსაც წარმოებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს არ ნიშნავს ერთჯერადი აუდიტის გავლას - სერტიფიკატის ფლობა იმის დასტურია, რომ არა მხოლოდ შერჩეული პროდუქციის ხარისხი, არამედ მთელი წარმოების პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
ზაალ კაპანაძემ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, აღნიშნა, რომ ნაციონალური GMP სერტიფიკატის დანერგვა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
- ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ბაზარზე მოხვდება მხოლოდ უსაფრთხო და ეფექტური წამლები და მინიმუმამდე დავა რისკის შემცველი მედიკამენტების წილი. „ავერსი-რაციონალის“ მთელმა კოლექტივმა უდიდესი შრომა გასწია. გუნდის თითოეულ წევრს ვულოცავ დამსახურებულ წარმატებას.
„ავერსი-რაციონალის“ დათვალიერებისას აღფრთოვანება ვერ დამალეს ექიმებმა.
გიორგი ბოჭორიშვილი, უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:
- ძალიან შთამბეჭდავია ყველაფერი, რაც ვნახე. ამის მიღწევა მხოლოდ უდიდესი შრომით, ორგანიზებულობით და საქმის სიყვარულით შეიძლება. ადგილობრივ ნაწარმს ხშირად არ ვაფასებთ, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია მისი ხარისხის შესახებ. მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ქართულ პროდუქციას, რომლის ხარისხიც ევროპულს არ ჩამოუვარდება.
მალვინა ჯავახაძე, ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, აკად. ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი:
- დღეს ფარმაცვტული ბაზარი გაჯერებულია პროდუქციით და არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, ექიმებისთვისაც კი რთულია ხარისხიანი, ეფექტური და სანდო პრეპარატების შერჩევა. „ავერსი-რაციონალის“ მიერ მიღებული სერტიფიკატები ამტკიცებს მისი ნაწარმის სანდოობას და ხარისხს.
ყარამან ფაღავა, პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი:
- როგორც პატრიოტი, ექიმი და ადამიანი, აღფრთოვანებული ვარ, რომ საქართველოში ამ რანგის საწარმო არსებობს. გავიგე, რომ „ავერსი-რაციონალის“ მიერ წარმოებული მედიკამენტების 30% უცხოეთში იყიდება, რაც დიდი წარმატებაა. ასე თანდათანობით გამოვდივართ განვითარებადი ქვეყნების რიგებიდან. „ავერსი-რაციონალის“ კოლექტივს და მთელ ჩვენს მოსახლეობას ვულოცავ ამ საწარმოს არსებობას.
ნინო შარაშენიძე, ექიმი ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი:
- GMP ნიშნავს კარგი წარმოების პრაქტიკას. ამ სერტიფიკატის მოსაპოვებლად მზადყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა ფარმაცევტული კომპანისთვის. ის აჩენს ნდობას და მანიშნებელია იმისა, რომ ექიმებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ პაციენტის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტების გამოყენებისას.
შეგახსენებთ, რომ „ავერსი-რაციონალს“ ჯერ კიდევ 2008 წელს მიენიჭა ევროპული GMP EU სერტიფიკატი გერმანული კომპანია TÜV SÜD Industie Service, GmbH-ის მიერ. შარშან კი საწარმომ მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი, რომელიც ასევე პირველია საქართველოში. „ავერსი-რაციონალი“ ფლობს ISO 9001-ის გერმანულ სერტიფიკატს (TÜV SÜD Management Service GmbH). საწარმოს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები 2014 წლიდან აკრედიტებულნი არიან ISO 17025-ის მიხედვით. ისინი რეგულარულად და წარმატებით მონაწილეობენ EDQM-ისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კონკურსებში.