მედიატური "ავერსი-რაციონალში"
28 თებერვალს ფარმაცევტულ საწარმო "ავერსი-რაციონალში" გაიმართა მედიატური, რომლის მიზანი ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ფარმაცევტული წარმოების გაცნობა გახლდათ. სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც საწარმო, ასევე ახალი ლაბორატორია, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიაში, რომელსაც 750 კვადრატული მეტრი უკავია, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზები ტარდება. ახალი ლაბორატორია, ისევე როგორც საწარმო, აღჭურვილია უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარით, რაც აქ ჩატარებული ანალიზების სანდოობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია. სტუმრები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ერთს "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ხელმძღვანელობდა, მეორეს - "ავერსი-რაციონალის" დირექტორი მალხაზ კურტანიძე.
მედიის წარმომადგენლებმა მასპინძლებისგან ყველა კითხვაზე კომპეტენტური პასუხი მიიღეს. ჟურნალისტები ლაბორატორიისა თუ საწარმოს უმნიშვნელო დეტალებითაც კი დაინტერესდნენ. ისინი განსაკუთრებით აღაფრთოვანა სისუფთავისა და სტერილურობის დაცვის სტანდარტებმა. აქვე მოგახსენებთ, რომ "ავერსი-რაციონალი" მფლობელია ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატებისა, რომლებიც მან უმოკლეს ვადაში მოიპოვა. ესენია:
* 2006 წლიდან - ISO 9001 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც მოწმობს, რომ კომპანიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მართვადია და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს;
* 2008 წლიდან - GMP EU და FDA სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც მოწმობს, რომ "ავერსი-რაციონალში" მიმდინარე ყველა პროცესი (წარმოება, ხარისხის კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და სხვ.) შეესაბამება ევროპული GMP-სა და ამერიკული FDA-ს სტანდარტების მოთხოვნებს.
აქედან ჩანს, რომ კომპანიისთვის ხარისხის პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მეტყველებს საწარმოში დაბანდებული ინვესტიციებიც. პაატა კურტანიძის თქმით, მსოფლიოს ვერც ერთი ფარმაცევტული ქარხანა ვერ იტყვის, რომ "ავერსი- რაციონალზე" უკეთესი ლაბორატორია აქვს.
ამ საკითხს "ავერსი-რაციონალის" ხარისხის დირექტორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნათელა ქარუხნიშვილიც შეეხო: "ლაბორატორია აღჭურვილია მოწინავე ქვეყნების - იტალიური, ამერიკული, შეიცარიული - აპარატურით. ყველა ხელსაწყო ვალიდირებულია, ანუ დადასტურებულია, რომ ხარისხიანად მუშობს. პერსონალს გავლილი აქვს სათანადო სწავლება, ხოლო ჩვენი სერტიფიკატები მოწმობს, რომ "ავერსი-რაციონალი" მსოფლიო დონის საწარმოა. ის ყოველწლიურად გადის საკონტროლო შემოწმებას, სამ წელიწადში ერთხელ კი ხდება ხელახალი სერტიფიცირება, რომელსაც ორი წამყვანი გერმანული კომპანია აწარმოებს (TÜV SÜD და TÜV Cleancert). ამრიგად, მოშვების, მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან, ჯერ ერთი, გვაკისრია პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე, მეორეც, ეს სერტიფიკატები გვავალებს, მუდამ ფორმაში ვიყოთ". პირველი მედიკამენტი "ავერსი-რაციონალმა" მომხმარებელს 2005 წლის მარტში შესთავაზა. პორდუქციის ასორტიმენტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამჟამად საწარმო 143 დასახელების პროდუქციის 230 პოზიციას აწარმოებს. როგორც ბატონმა მალხაზმა გვითხრა, კომპანია ახორციელებს ექსპორტს რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში (ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა), ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთის ქვეყნებში და მის გაფართოებას გეგმავს.
ჟურნალისტებისთვის მეტად მნიშვნელოვან კითხვას, რატომ არ აწარმოებს პრეპარატის ნედლეულს "ავერსი-რაციონალი" და რატომ ხდება აქ მხოლოდ მათი დაფასოება, ბატონმა პაატამ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ნედლეულის წარმოება არ არის ფარმაცევტული წარმოება, ეს არის ქიმიური პროცესი, რომელიც ძლიერ აბინძურებს გარემოს, ამასთან, საქართველოსავით პატარა ქვეყანა ფინანსურად ვერასოდეს შეძლებს გიგანტური ქიმიური მრეწველობის შექმნას, რადგან აქ საამისო მასშტაბები არ არის; თავად გერმანიას, საფრანგეთს, ამერიკას, შვეიცარიას ასეთი წარმოება გადააქვთ ინდოეთსა და ჩინეთში, სადაც ეკოლოგიური შეზღუდვა ნაკლებია; წამლის ხარისხს კი მწარმოებელი ქარხანა განსაზღვრავს და არა ქვეყანა.
მედიატურის შემდეგ შთაბეჭდილებები ჟურნალისტებმაც გაგვიზიარეს:
ინგა გრიგოლია: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მთავარი პრობლემა ჯანდაცვაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი პროდუქცია იყოს მაღალი ხარსიხის, შედარებით იაფი და ხელმისაწვდომი. როდესაც დღეს კოლეგებთან ერთად "ავერსი-რაციონალს" ვათვალიერებდი, დავრწმუნდი, რომ ყველაფერი მართლაც ძალიან მაღლი დონის სტანდარტების შესაბამისადაა გაკეთებული.
ვახო სანაია: მედიატური საინტერესო იყო. ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე და კმაყოფილი ვარ. მომეწონა, რომ კომპანიის ხელმძღვანელი თავად იყო გიდი და ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც სწორედ მან გაგვცა. რაც შეეხება საწარმოსა და ლაბორატორიას, ყველაზე მეტად ორი საკითხი მაინტერესებდა, რაც, ჩემი აზრით, განსაზღვრავს ხარსიხს: მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და კადრები, და ამის თაობაზეც დავიკმაყოფილე ინტერესი - როგორც აგვიხსნეს, აპარატურაც უახლესია, და თანამშრომლების მიღების დროსაც მრავალსაფეხურიანი კონკურსის წესი მოქმედებს.
ლალი პაპასკირი ("კვირის პალიტრა"): ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, არ მეგონა, თუ ყველაფერში ასეთი სტანდარტები იყო დაცული. განსაკუთრებით აღმაფრთოვანა სისუფთავის ზონებმა. მივხვდი, რომ საწარმოს ხელმძღვანელობას ყველაფერი დეტალურად აქვს გაწერილი და გათვლილი. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ "ავერსს" და წარმოების ასეთ მაღალ ხარისხს დაიცავენ.
სხვა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს, რომ ტური ძალიან საინტერესო იყო და კმაყოფილება გამოთქვეს "ავერსი-რაციონალის" - მსოფლიო დონის ქართული საწარმოს - ახლოს გაცნობით.