გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეების არქივი

გამოკითხვა

როგორც შეაფასებთ ,,ავერსი-რაციონალის“ მედიკამენტების ხარისხს/ეფექტურობას?

"ავერსი" და "ავერსი–რაციონალი" ინოვაციებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგნენ

29 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე ბათუმი სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობდა. კონფერენცია, სახელწოდებით "მომავლის ტექნოლოგიები და სიცოცხლის ხარისხი", აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართა. ორგანიზატორთა შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, "ბაუ ინტერნეშენალ უნივერსიტეტი ბათუმი" და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია.

კონფერენციას ბრილიანტის სპონსორობა კომპანია "ავერსმა" და ფარმაცევტულმა საწარმო "ავერსი-რაციონალმა" გაუწიეს.

შეხვედრაში ათზე მეტი ქვეყნის - საქართველოს, აშშ-ს, კანადის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, სლოვენიის, ბულგარეთის, პოლონეთის და სხვათა - 270 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ექიმებმა, ფარმაცევტებმა, ბიოლოგებმა, ქიმიკოსებმა, განათლების სპეციალისტებმა ას ოცდაათი მოხსენება და პრეზენტაცია მოისმინეს.

ღონისძიების შესახებ მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალეკო ბაკურიძე გვესაუბრა:

 

- კონფერენცია მიზნად ისახავდა მომავლის იმ ტექნოლოგიების გაცნობას, რომლებიც აამაღლებს სიცოცხლის ხარისხს და რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება დაავადებების დროული გამოვლენა, პროფილაქტიკა, ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობა. ამ ტექნოლოგიებს საფუძვლად უდევს გენეტიკური კვლევების სფეროში დაგროვილი ცოდნა, ტრადიციული მედიცინის, უჯრედული, ბიო- და ნანოტექნოლოგიური მიღწევები. ამ გზით მიდის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები და ჩვენი კონფერენციაც სწორედ ამის გამოძახილი იყო.

კონფერენციის ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო განათლება და მისი მნიშვნელობა სიცოცხლის ხარისხის ამაღლებისთვის.

გაიმართა ტელეკონფერენციაც, აგრეთვე ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი აჭარის სამედიცინო ლაბორატორიებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის.

კონფერენციის შესახებ ინფორმაცია ფართოდ განთავსდა საერთაშორისო სივრცეში. ჩანაწერი აიტვირთება "გუგლ სქოლარზეც", რაც მონაწილეებს ნაშრომების საერთაშორისო მასშტაბით წარდგენის შესაძლებლობას მისცემს.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა კომპანია "ავერსის" სასწავლო პროგრამების მენეჯერი ლალი დათეშიძე:

- ჩემი ნაშრომი შეეხებოდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის თანხლებით მიმდინარე ჰემოროიდული დაავადების ფარმაკოთერაპიას, კერძოდ, ამ მიზნით გამოყენებული სამკურნალო საშუალების, ფლებილის, პოტენციურ ეფექტურობას.

საქმე ის არის, რომ ჰემოროიდულ დაავადებასა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს შორის არცთუ იშვიათად არსებობს ურთიერთკავშირი, რომლის საფუძველია ამ ორი მდგომარეობის მიზეზთა და სიმპტომთა მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულება.

ძალზე საინტერესოა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის პათოფიზიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ახლახან შეისწავლა ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა. კვლევის თანახმად, მასტოციტების სტაბილიზაცია შესაძლოა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის პოტენციური თერაპიული სამიზნე იყოს. მასტოციტების ფუნქციასა და სტაბილიზაციაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მცენარეული კომპონენტები - ფლავონოიდები, რომლებიც ფლებილის შემადგენლობაშიც შედის.

მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა კითხვები, რომლებზეც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა.

"ავერსი-რაციონალის" ტექნოლოგიური განყოფილების უფროსმა ელენე წიწილაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში GMP (სათანადო საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვის აუცილებლობაზე, რაც ერთ-ერთი პირობაა მოქალაქეთა სიცოცხლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.

"ავერსი-რაციონალი" პირველივე დღიდან ევროპული GMP სტანდარტის შესაბამისად მუშაობს. კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს ხარისხის სისტემის განახლება სტანდარტის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლისა და ქართული ნაწარმის ექსპორტის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ევროპული GMP-ისა და ICH (the international council for harmonisation)-ის ჰარმონიზაცია და პრაქტიკაში დანერგვა. პრეზენტატორმა დეტალურად განიხილა აღნიშნული საკითხი და აუდიტორიას გააცნო "ავერსი-რაციონალში" ევროპული GMP-სა და ICH-ის სტანდარტების მიხედვით ჩატარებული რისკების ანალიზი.

კონფერენცია დისკუსიის, დებატებისა და  განხილვის ფორმატში წარიმართა. დაისახა სამომავლო გეგმებიც ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.

ზემოთ