მაგიტუსი 30 მგ/4 მგ №20 ტაბ.
მაგიტუსი
(MUGGITUSE)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დექსტრომეტორფანი, ქლორფენამინი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
სიროფი: ღია ყავისფერი, ბლანტი სითხე მოტკბო გემოთი და არომატული სუნით.
ტაბლეტები: თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, შემოუგარსავი ტაბლეტები ჭდით;
შემადგენლობა:
სიროფის 5 მლ შეიცავს:
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს – 10 მგ;
ქლორფენამინის მალეატს – 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, თხევადი გლუკოზა, გლიცერინი, თხევადი სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, საღებავი Caramel (E 150), ვანილის ესენცია, მარწყვის ესენცია, თაფლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს _ 30 მგ;
ქლორფენამინის მალეატს _ 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი.
გამოშვების ფორმა:
სიროფი პერორალური მიღებისთვის, 100 მლ.
შემოუგარსავი ტაბლეტები, 30 მგ/4 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ხველის საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალება. ათქ-კოდი: RO5DA20.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაგიტუსი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდს გააჩნია ხველის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ზრდის ხველის ცენტრის აგზნების ზღურბლს.
ქლორფენამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს, ამასთანავე გააჩნია ანტიქოლინერგული და სედატიური მოქმედება, იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას, აქვეითებს სისხლძარღვების განვლადობას, ხსნის ცხვირის, ცხვირხახის და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას.
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდისა და ქლორფენამინის მალეატის კომბინაცია მოსახერხებელია გაციებისა და გრიპის დროს ხველის, რინიტის, ცემინების, ქავილისა და ცრემლდენის სიმპტომების მოხსნისათვის.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2.5 სთ-ის შემდეგ, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის მთავარი მეტაბოლიტის - დექსტრორფანის კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 1.6-1.7 სთ-ში. საწყისი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4 სთ-ს, ხოლო დექსტრორფანის – 3.4-5.6 სთ-ს. დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.
პერორალურად მიღების შემდეგ ქლორფენამინის მალეატი ადვილად შეიწოვება. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ, მისი ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 25-50%-ს, მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. საწყისი ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20 სთ-ს. ქლორფენამინის მალეატისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ორგანიზმიდან ძირითადად ხდება თირკმლების საშუალებით.
ჩვენება:
• მშრალი ხველა, რომელიც გამოწვეულია სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებით (მწვავე ბრონქიტი, გრიპი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგოტრაქეიტი);
• ალერგიული რინიტი, რინორეა, სინუსიტი, კონიუნქტივიტი.
მიღების წესი და დოზირება:
სიროფი:
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე პრეპარატი ინიშნება 2.5 მლ სამჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე მიიღება 5 მლ სამჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 10 მლ ოთხჯერ დღეში.
ტაბლეტები:
ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი 6 სთ-ში ერთხელ, არა უმეტეს 4 ტაბლეტისა დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები:
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის თერაპიული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება იშვიათია. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუ და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ქლორფენამინის მალეატის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუ, ყურებში შუილი, აპათია, კოორდინაციის დარღვევა, გადაღლა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ეიფორია, უძილობა და ტრემორი;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაკარგვა, გულისრევა და ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს პირის სიმშრალე, შარდვის გახშირება და დიზურია, თავის ტკივილი, ჰიპოტენზია, ხელებში სიმძიმისა და სისუსტის შეგრძნება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მაგიტუსი არ ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებს (მაგ. ფლუოქსეტინს) და მაო-ს ინჰიბიტორებს. მაგიტუსი შეიძლება დაინიშნოს მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დამთავრებიდან 2 კვირის შემდეგ.
მაგიტუსის მიღების დროს არ შეიძლება ცნს-ის დეპრესანტებისა და ალკოჰოლის მიღება.
მაგიტუსი არ ინიშნება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, არითმია, ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, სისხლძარღვოვანი დარღვევები (არტერიოსკლეროზი, ანევრიზმა), შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოიდიზმი, გაძნელებული შარდვა.
სიროფი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ბავშვებისათვის.
ტაბლეტები არ ინიშნება ბავშვებში 12 წლამდე.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის გამოყენება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად იწვევს მძიმე მოწამვლას. მაგიტუსით მკურნალობის დროს ალკოჰოლის, ფსიქოტროპული და სხვა დეპრესიული ეფექტის მქონე პრეპარატების მიღება აძლიერებს მათ დეპრესიულ ზემოქმედებას ცნს-ზე.
ქლორფენამინის მალეატი აძლიერებს ბარბიტურატების, ტრანქვილიზატორების, ნეიროლეპტიური საშუალებების, ასევე იმ პრეპარატების სედატიურ მოქმედებას ცნს-ზე, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს.
ერთდროული მიღებისას ქლორფენამინის მალეატი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ატროპინის მოქმედებას.
ჰიპერდოზირება:
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდის დოზის გადაჭარბება იწვევს სუნთქვის დათრგუნვას. ამ დროს გამოიყენება მისი ანტიდოტი _ ნალოქსონი.
ქლორფენამინის მალეატის დოზის გადაჭარბება იწვევს სხვადასხვა სახის გამოვლინებებს ცნს-ის მხრივ, როგორც დეპრესიას, ასევე მის სტიმულაციას. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს თავბრუ, ყურებში შუილი, ატაქსია, მხედველობის დაბინდვა და ჰიპოტენზია. ბავშვებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები: პირის სიმშრალე, მიდრიაზი (გუგების გაფართოება), ტემპერატურის მომატება და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გამწმენდი ოყნა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური მკურნალობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.
განსაკუთრებული მითითებები:
მაგიტუსი არ გამოიყენება ქრონიკული ხველისას (მაგ. მწეველებში), ასევე ასთმის მქონე პაციენტებში.
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის პათოლოგიის მქონე პაციენტებსა და ალერგიულ ბავშვებში.
მაგიტუსი სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ასაკოვან და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის მქონე პაციენტებში.
მაგიტუსის ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
შეფუთვა:
100 მლ სიროფი ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერულ ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
სიროფი: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი ვარგისია გამოყენებისათვის 1 თვის განმავლობაში.
ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge