კვადრიცა H მიტე 10 მგ/12.5 მგ №30 ტაბ.
კვადრიცა H მიტე
(QUADRICA H mite)
ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ლიზინოპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, ნაზოლითა და ჭდით.
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: ლიზინოპრილს – 10 მგ და ჰიდროქლოროთიაზიდს _ 12.5 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტი, 10/12.5 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება. C09BA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კვადრიცა H მიტე წარმოადგენს კომბინირებულ ჰიპოტენზიურ საშუალებას.
მის შემადგენლობაში შედის აგფ-ინჰიბიტორი (ლიზინოპრილი, რომელიც ხასიათდება ჰიპოტენზიური მოქმედებით) და თიაზიდური დიურეზული საშუალება (ჰიდროქლოროთიაზიდი).
ლიზინოპრილი თრგუნავს ანგიოტენზინ I-დან ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქციულ ეფექტს და თირკმელზედა ჯირკვალში ალდოსტერონის გამომუშავებას. ლიზინოპრილის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, პრე- და პოსტდატვირთვა გულზე, იზრდება გულის წუთმოცულობა მისი შეკუმშვათა სიხშირის ცვლილების გარეშე, მცირდება არტერიული წნევა.
ჰიდროქლოროთიაზიდს ახასიათებს დიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტი. იგი ამცირებს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის იონების რეაბსორბციას ნეფრონის დისტალურ არხებში, ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და ბიკარბონატის იონების გამოყოფას, იწვევს კალციუმის იონების ორგანიზმში შეკავებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ლიზინოპრილი:
პერორალური მიღებისას ლიზინოპრილი აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს
20-50%. პრეპარატის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 7 სთ-ში. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. ლიზინოპრილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით.
ჰიდროქლოროთიაზიდი:
პერორალურად მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება ჰიდროქლოროთიაზიდის 60-75%. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 1.5-3 სთ-ში. მისი 40-70% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ჰიდროქლოროთიაზიდის 50-75% გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით, ხოლო 11.4%-24.5% _ ნაწლავების საშუალებით. ლიზინოპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ავლენს უფრო გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული მათგანი.
ჩვენება:
- არტერიული ჰიპერტენზია (მათ შორის რენოვასკულური);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პაციენტებში სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით, პირველ დღეებში);
- სხვადასხვა გენეზის შეშუპების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
კვადრიცა H მიტე ინიშნება დღეში ერთხელ დილას, სასურველია ერთსა და იმავე დროს.
დოზირების დროს აუცილიბელია თითოეული აქტიური კომპონენტის შესაბამისი დოზის შერჩევა.
ესენციური ჰიპერტენზიის დროს რეკომენდებულია 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე ერთხელ დღეში.
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა და კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ-ია, პრეპარატი გამოიყენება (ცალკეული კომპონენტის) დოზის ტიტრირების შემდეგ.
თირკმლის უკმარისობის მსუბუქი ფორმის დროს ლიზინოპრილის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მგ-ს.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი რეკომენდებული დოზებით მიღებისას ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდით მოვლენებს აქვს გარდამავალი ხასიათი და როგორც წესი, არ მოითხოვს პრეპარატის მოხსნას.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, დაღლილობა, ძილიანობა;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დისპეფსია, ანორექსია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: აგრანულოციტოზი, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის მაჩვენებლების შემცირება, ცალკეულ შემთხვევაში ედს-ის მომატება;
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ჰიპერკალემია და/ან ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ჰიპომაგნემია, ჰიპოქლორემია, ჰიპერკალცემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ტოლერანტობის დაქვეითება გლუკოზის მიმართ, სისხლში კრეატინინის და შარდოვანას აზოტის მაჩვენებლების მატება (განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, რენოვასკულური ჰიპერტენზიის ფონზე).
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, ანგიონევროზული შეშუპება აგფ -ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით, თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი პერიოდი, ანურია, აზოტემია, ჰიპერკალემია, ჰიპონატრემია, პირველადი ალდოსტერონიზმი, აორტის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის დაბრკოლება, გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობა, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, შაქრიანი დიაბეტი.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში დაუშვებელია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ლიზინოპრილისა და კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), აგრეთვე კალიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი (განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში). აღნიშნული კომბინაციები ინიშნება სიფრთხილით, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.
ლიზინოპრილის და დიურეზული ან ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სინერგიული ჰიპოტენზიური ეფექტი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (განსაკუთრებით ინდომეტაცინი) ამცირებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
კვადრიცა H მიტემ შესაძლოა გააძლიეროს ეთანოლის მოქმედება, ხოლო ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში _ შეაფერხოს ორგანიზმიდან ლითიუმის ელიმინაცია.
ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული გამოყენება ვაზოდილატაციურ საშუალებებთან, ბარბიტურატებთან, ფენოთიაზიდთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, აძლიერებს პრეპარატის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება:
ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, საგულე გლიკოზიდებთან, ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან, არადეპოლარიზაციული ტიპის მიორელაქსანტებთან, ამანტადინთან, კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან, კალციტონინთან, ქოლესტირამინთან, კონტრაცეპტივებთან, ალკოჰოლთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან.
ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება არტერიული ჰიპოტენზია, პირის სიმშრალე, სისუსტე, ძილიანობა, ოლიგურია, ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა, საჭიროებისას _ სიმპტომური თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
გამოყენების თავისებურებები:
ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყებამდე მოსალოდნელი არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წყლის და ელექტროლიტების Dდანაკარგის კომპენსირება.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, პოდაგრისა და შაქრიანი დიაბეტის დროს, სალურეზული საშუალებებით და ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
კვადრიცა H მიტე-თი მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.
ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლებელია გამოიწვიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დაქვეითება, რაც ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექციას მოითხოვს, ინსულინის პრეპარატების ჩათვლით. კვადრიცა H მიტე-თი მკურნალობის დასაწყისში, სწრაფი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა დიურეზული საშუალებებით მკურნალობის შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე.
პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში იწვევს გადაღლილობის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას, რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.