შპს ავერსი - რაციონალი

“ავერსი-რაციონალმა” ფარმაცევტთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

“ავერსი-რაციონალმა” ფარმაცევტთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ფარმაცევტთა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფა” სასტუმრო “თბილისი მერიოტში” 15-დან 19 ივნისამდე მიმდინარეობდა. კონფერენციას არსებობის უკვე ექვსწლიანი ისტორია აქვს, თუმცა საქართველოში ის პირველად გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნების: უკრაინის, რუსეთის, ბელორუსიის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, – ისე იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, დანიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც.
კონფერენცია ყველა ფარმაცევტულ საწარმოში ერთიანი ევროპული მიდგომის დამკვიდრებასა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტის დანერგვას ემსახურება. მისი მიზანია, ამ დარგის სპეციალისტებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კომპეტენციის ამაღლებაში დაეხმაროს.
ევროპული სტანდარტებისა და მუდმივი თვითსრულყოფისკენ სწრაფვა ქართული ფარმაცევტული საწარმო “ავერსი-რაციონალისთვის” დაარსებისთანავე ერთგვარ კრედოდ იქცა. მოსახლეობის ჯანმრთელობა, უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებით მისი უზრუნველყოფა ამ საწარმოს მთავარი საზრუნავია, ამიტომ “ავერსი-რაციონალის” წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაში ყოველწლიურად არა მხოლოდ მსმენელის, არამედ მუდმივი მომხსენებლის სტატუსითაც მონაწილეობენ. ქართული საწარმო საკუთარ მიღწევებს კოლეგებს აცნობს და მათგან შეფასებას და რეკომენდაციებს იღებს. გუნდის პროფესიონალიზმმა და კონფერენციაზე წარმოდგენილი საკითხების აქტუალობამ, ისევე როგორც, საზოგადოდ, “ავერსი-რაციონალის” პრინციპებმა და მიდგომებმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამის შედეგად დაიბადა იდეა, წლეულს კონფერენცია თბილისში გამართულიყო.
საერთაშორისო ფარმაცევტული ასოციაციის (МФАУЛ) აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია ВИАЛЕК-ის პრეზიდენტი ალექსანდრ ალექსანდროვი კონფერენციის ორგანიზატორია. მან შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და კონფერენციის მიზნებსა და დანიშნულებაზეც გვესაუბრა:
– კონფერენციაზე შეკრებილი საზოგადოება სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლისა და მომხმარებლისთვის ზედმიწევნით ეფექტური მედიკამენტების მიწოდების გზებზე მსჯელობს. განვიხილავთ ასევე პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია, რათა კონფერენციაზე წარმოდგენილი კომპანიების ნაწარმი ევროპულ და საერთაშორისო ბაზარზე მოხვდეს და კუთვნილი ადგილი დაიკავოს. დაინტერესებული ვართ, სპეციალისტებმა ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები და წლების განმავლობაში დააგროვილი გამოცდილება გაუზიარონ. პირველ კონფერენციას, მახსოვს, სულ 50 კაცი ესწრებოდა, დღეს მომხსენებლებს ფარმაცევტული სფეროს ასზე მეტი წარმომადგენელი უსმენს. ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციები რუსეთსა და უკრაინას ჰყავთ.
“ავერსი-რაციონალის” წარმოების დირექტორის მოადგილემ მარიამ ონანაშვილმა აღნიშნა, რომ სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის ეგიდით გამართული კონფერენცია ფარმაცევტულ კომპანიებს შორის აქტიურ თანამშრომლობას უწყობს ხელს:
– კონფერენცია სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ უკვე მეექვსედ გაიმართა. “ავერსი-რაციონალი” მასში მუდამ აქტიურად მონაწილეობს. ჩვენი საწარმოს წარმომადგენლები მომხსენებელთა რანგშიც ხშირად გამოდიან. კონფერენციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს “ავერსი-რაციონალის” მიმართ, რის გამოც წელს კონფერენციას საქართველომ უმასპინძლა. მოხარული ვართ, რომ მის მუშაობაში ვმონაწილეობთ და ამით ქართული ფარმაცევტული წარმოებისა თუ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში ჩვენც შეგვაქვს მოკრძალებული წვლილი.
ტატიანა ნიკოლკა რუსული ფარმაცევტული კომპანია Здоровье-ს წარმომადგენელია. ღონისძიების შესახებ აზრი მანაც გაგვიზიარა:
– სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის კონფერენციებში ყოველ წელს ვმონაწილეობ. მიმაჩნია, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია – სამკურნალო საშუალებებს ჩვენს სინამდვილეში განსაკუთრებული ადგილი უკავია, შესაბამისად, მათ მიმართ მოთხოვნებიც განსაკუთრებულია, ამიტომ კონფერენციის ფარგლებში პროფესიონალთა ურთიერთობა ძალიან წაადგება კონფერენციის მონაწილე თითოეული კომპანიის წინსვლასა და განვითარებას. ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც დღეს აქტუალურია როგორც ფარმაცევტული ინუდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, ისე მომხმარებლისთვისაც. ეს სფერო სწრაფად ვითარდება, სამკურნალო პრეპარატების შესახებ ჩვენი ცოდნაც წლიდან წლამდე იზრდება და ამ ცონდის განაწილებისთვის ასეთი ფორმატის შეკრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სასიხარულია, რომ კონფერენცია წელს თბილისში, ამ შესანიშნავ ქალაქში გაიმართა. პირველად ვარ თბილისში და ის მართლაც მომნუსხველია. ასე რომ, ჩემთვის კონფერენციაში მონაწილეობა ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა. დიდი მადლობა ამისთვის ღონისძიების ორგანიზატორებსა და “ავერსი-რაციონალს”.

კონფერენციის აქტიური მხარდამჭერია “ავერსი-რაციონალი”, რომელიც მუდამ მზადაა, აქტიურად ჩაებას ყველა ღონისძიებაში, რომელიც ქართული ფარმაცევტული ინდუსტრიის აღორძინებასა და ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

გააზიარე: